თეგი: როინ შავაძე

13 წლის შემდეგ სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე 8 ადამიანი დააკავეს

2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღეში სერჟანტ როინ შავაძის მიმართ უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე რვა ადამიანი დააკავეს, ორის მიმართ კი, ძებნა გამოცხადდა. პროკურორმა ბექა კვიციანმა განაცხადა, დაკავებულია 8 პირი, ხოლო 2 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო, დაკავებულია 8 პირი, ხოლო 2 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა. ამ საქმეზე 2020 წლის 19 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის („სიცოცხლის უფლება“) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა.

პროკურატურამ სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი ადამიანი დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების და განზრახ მკვლელობის ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. სერჟანტ როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს: 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა); 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია); „საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ თანამშრომლობდა. მეორე დღესვე, 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი, ორ თანამშრომელთან ერთად თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მივიდა, სადაც როინ შავაძე მსახურობდა და ბრიგადის მეთაურს შორიდან მისი ვიზუალურად ჩვენება მოსთხოვა. მთავარი სამმართველოს უფროსმა როინ შავაძის დანახვისთანავე, რამდენჯერმე შეიგინა მისი მისამართით და დაიმუქრა, რომ სამაგალითოდ დასჯიდა. იმავე დღეს „კუდ“-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, ქალაქ ბათუმში, გამსახურდიასა და მელაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ. როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო, მათ შორის მარცხენა მხრის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ასევე არაერთი დაზიანება ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ერთ - ერთი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს. ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მთავარი სამმართველოს უფროსის და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, როინ შავაძე მკვლელობის მიზნით ქობულეთი-ქაქუთის საავტომობილო გზის მიმართულებით წაიყვანეს. აჭარისა და გურიის საზღვართან აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, კუდ-ის თანამშრომლებმა შეიმუშავეს ყალბი ვერსია, კერძოდ: უკანონო დაკავების ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად, როინ შავაძის მკვლელობის შემდგომ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში შედგა ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, რომ თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და რეალურად ნარკოტიკული საშუალება დაკავების ადგილზე თავად დაკავების ორგანიზებაში მონაწილე პირებმა მიიტანეს. ამავე ვერსიის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულის ეტაპირება უნდა მომხდარიყო თბილისში. მგზავრობის პროცესში, როინ შავაძემ თითქოს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით მოითხოვა მანქანის გაჩერება, რის შემდგომაც მოახერხა სპეცდანიშნულების რაზმის წევრისთვის იარაღის წართმევა, გასროლა მათი მიმართულებით და გაქცევა, რის საფუძველზეც მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. ყალბი ვერსიის გასამყარებლად სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა შემთხვევის ადგილზე შექმნეს ისეთი ვითარება, რომ როინ შავაძეს განზრახ მკვლელობა, აუცილებელი მოგერიების პირობებში დამნაშავე პირის მართლზომიერ ლიკვიდაციას დამსგავსებოდა. კერძოდ ,,მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლეს მათივე ავტომანქანის მიმართულებით, მოგვიანებით კი აღნიშნული პისტოლეტი როინ შავაძის ცხედართან ახლოს მოათავსეს. ამის შემდგომ, სპეცრაზმელებმა შემუშავებული ყალბი ვერსიის გასამყარებლად, გამოძიებას მისცეს ცრუ ჩვენებები. ჩატარებული გამოძიებით, უტყუარად გაბათილდა ყალბი ვერსია, თითქოს როინ შავაძის ლიკვიდაცია მისი გაქცევის აღსაკვეთად განხორციელდა. ამასთანავე, დადგინდა, რომ როინ შავაძის სხვა ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ შესაძლო თანამშრომლობაზე არც იმჟამად და არც შემდგომ პერიოდში გამოძიებაც კი არ დაწყებულა და როინ შავაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ნარკოდანაშაულისთვის 260-ე მუხლით დაიწყეს. აღნიშნული ეჭვი არც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ როინ შავაძე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ბრიგადის სერჟანტის წოდებით. 2005-2006 წლებში მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ერაყის სამშვიდობო მისიაში კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის დაჯილდოვდა მედლით. გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებით, 2007 წელს როინ შავაძეს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის გამოეცხადა მადლობა. როინ შავაძეს ასევე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა) და სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) დაიწყო. საზოგადოებას შევახსენებთ რომ 2023 წლის 27 ივლისს ამავე საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ არაერთმა ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა როინ შავაძის მკვლელობის რეალური გარემოებები. მოცემულ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

15 წლის შემდეგ, სერჟანტ როინ შავაძის მკველობისთვის ორ დაკავებულს პატიმრობა მიუსაჯეს

2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღეში სერჟანტ როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს 12-12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რადიო თავისუფლების ცნობით, გამამტყუნებელი ვერდიქტი თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს, სხდომას უძღვებოდა მოსამართლე ნინო ნაჭყებია. პატიმრობა მიუსაჯეს: აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს - ალი ბალაძეს შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ორგანიზებისთვის; ყოფილ სპეცრაზმელ მამუკა ბერიძეს კი, მსჯავრდებულია შავაძის უკანონო დაკავებისა და ჯგუფურად განზრახ მკვლელობისთვის. მათი პატიმრობის ვადის ათვლა დაკავების მომენტიდან, 2023 წლის 27 ივლისიდან დაიწყო, რადგან განაჩენის გამოტანამდე მათ აღქვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. როინ შავაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ბრიგადის სერჟანტის წოდებით მსახურობდა. 2005-2006 წლებში იგი მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაში, კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის მედლით დაჯილდოვდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებით, 2007 წელს როინ შავაძეს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გამოეცხადა. იგი ასევე მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. 2020 წლის 19 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის („სიცოცხლის უფლება“) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა.  

როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე, სასამართლომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი და ოთხი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის განზრახ უკანონო დაკავებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის ჯგუფური მკვლელობის, ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი და ოთხი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, ამავე სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, თითქოსდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ქალაქ ბათუმში, კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ. როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს და აჭარა-გურიის საზღვართან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოკლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. დანიშნული სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ კანონით შემცირდა და საბოლოოდ ბრალდებულებს 12 -12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 12 პირის მიმართ დაიწყო. აქედან, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის და ერთი სპეცრაზმელის საქმე, უკვე განიხილა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ და ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. მოცემულ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.